ფსიქოლოგის გვერდი
ავტორი: მარინა კვიკვინია

მეორე უკიდურესობა

გაზიარება

გაგაცნობთ ხელმოკლე ოჯახში მოზარდის აღზრდის რამოდენიმე მოსაზრებას სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ, ბევრი ღარიბი, ადამიანი ცხოვრობს. ყოველ მათგანს თავისი საზრუნავ-საწუხარი აქვს.

ლოგიკურია, რომ ჩვენი ტკივილი სხვისაზე მეტად მტკივნეულია. იმდენად ვართ ჩაფლული ყოველდღიურ რუტინულ შრომაში, რომ ხშირად თავის აწევა და გარშემო მიმოხედვაც გვავიწყდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის ცხოვრების ტვირთი წისქვილის ქვის სიმძიმედ ქცეულა. ამ ტვირთს ზიდვა და გაძლება უნდა. ამის გამო ცხვირი ლამის მიწას დაგვიბჯენია.

ცისკენ და ღმერთისკენ ახედვა ფიქრადაც არ მოგვდის. კვირას უამრავი საქმე გვიგროვდება და ამიტომ ტაძარში წასასვლელად, არ გვცალია, თუ კარგად არ შეგაჯანჯღარეს სატირალსა და საცინარში ოფიციალურად არ მიგვიწვიეს გარშემომყოფებზე ზრუნვა კია რა ოჯახის მიღმა ადამიანების არსებობაც არ გვაგონდება. ზოგიერთი მათგნი თავისი კრიტიკით ან მოთხოვნით, რომ არ გვაწუხებდეს, ჩვენს მოვალეობებს არ გვახსენებდეს. რა ვქნათ, ძალიან დატვირთულნი და დაღლილ-დაქანცულნი ვართ. ხედავს ამას ჩვენი შვილი და თვითონაც უდარდელი იზრდება. ჩვენსავით ცხვირს იქით ვერავის ამჩნევს, მხოლოდ იმას ხედავს, მისი მეზობლის ბავშვს, რომ უკეთ აცვია და უკეთესი მობილური ტელეფონი უჭირავს. ჩვენ ჩვენი სადარდელი გვაქვს, მას _ თავისი. ჩვენ ვცდილობთ ოჯახში ლუკმა-პური შემოვიტანოთ, ის-ხვდება, რომ უფროსებმა მასზე უნდა იზრუნონ. კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი უფლებები, მაგრამ მოვალეობები ხშირად ავიწყდება. ავიწყდება, რომ ბიჭი მოვალეა დედა და მამა დაიცვას, მამას მხარში ამოუდგეს. არც არის გასაკვირი, ის ხომ ჯერ კიდევ უასაკოა. ჰოდა სწორედ აქ არის ჩვენი დროული ჩარევა აუცილებელი. დროული და არა დაგვიანებული.

ბავშვს, გოგოსაც და ბიჭსაც საწყის ეტაპზე, ადრეული ასაკიდან ჯერ თვითმომსახურება ვასწავლოთ. მერე პატარა დავალებები მივცეთ. ეს მაგიდაზე დადე; ის მომოტანე; კარი დახურე ან გააღე; მომაწოდე დამიწირე, აიღე გადასწიე გადადგი..) როცა პატარა იღლება ვეფერებით ნატკენ ადგილზე ვკოცნით, მასაჟს ვუკეთებდთ, მხრებსა და პატარა კიდურებზე ველამუნებით. მას ეს ძალიან მოსწონს. როცა ჩვენ დაღლილი ვართ ვთხოვოთ, მასაჟი გაგვიკეთოს, მოგვეფეროს, რომ დაღლილობამ გადაგვიაროს. ამ შემთხვევაში ჩვენ ორ კურდღელს ერთად ვიჭერთ. პირველს უფრო პატარას, რომ ჩვენზე ზრუნავენ; მეორეს კი გაცილებით დიდს_ჩვენ შვილს გარშემომყოფებზე ზრუნვას ვასწავლით. პატარა ადამიანი თანდათან სწავლობს დედაზე, მამაზე უმცროს და-ძმაზე ზრუნვას. ჩვენ რათქმაუნდა მას წავახალისებთ, ხშირად ვაქებთ, რომ შვილი მოგვესწრო და ძალიან გვეხმარება, ცხოვრებას გვიმსუბუქებს. პატარების აღზრდაშიც გვშველის. დროდადრო მეზობლებსაც შეიძლება მივაშველოთ, მოხუც მეზობელს ტვირთის წაღებასა თუ პურის მოტანაში მივახმაროთ. აქაც ორ საქმეს ვაკეთებთ. სხვასაც ვეხმარებით და შვილსაც ადამიანად ვზრდით შრომის ელემენტებს ვაზიარებთ. რაც უფრო გაიზრდება ვასწავლოთ მოზარდს გაჭირვებული ადამიანების ჩვენზე ღარიბების დახმარება. ჩვენ დღეს ღმერთმა ორი პური მოგვცა. იქნებ სხვას ერთიც არა აქვს. თუ გვინდა მეტი მოგვცეს ჩვენც უნდა გავიღოთ. ყველა ღარიბ ოჯახშია ერთი ზედმეტი კალამი ან ფანქარი ჩვენზე ღარიბებისათვის. მათხოვრის გაკითხვა კი ჩვენი მოვალეობაა. უფალი გვეუბნება, მათხოვარს არ დაეხმარე, ეს ნიშნავს, რომ მე არ შემეწიე. ჩვენზე შეჭირვებული სამწუხაროდ ჯერაც ბევრია თუ შეძლებისდაგვარად შვილს სხვის სიღარიბეს დავანახებთ, ვასწავლით მათზე ფიქრსა და ზრუნვას, აქცენტს მდიდარი მეზობლის ქონებასა და ფუფუნებაზე არ გავაკეთებთ, მას გული აღარ გაუსკდება სხვისი სიკეთისა და ქონების გამო. იმიტომ, რომ თუ დღეს შრომითა და ჯაფით აქვს მოპოვებული, მის სულსა და გულში სითბო და სიყვარული დაისადგურებს. შურის ბოღმისა სიბოროტის ადგილი აღარ დარჩება. ჩვენი ხმა მიზანს მიაღწევს. „ჩვენვე მოზარდის კეთილშობილ გულში და არ იქცევა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

მინდა გაგაფრთხილოთ, ვასწავლოთ მოზარდს, რომ ზრუნვა სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს. სადღესასწაულო ქველმოქმედებას არ უნდა ჰგავდეს; არც სატელევიზიო პიარაქციებს: აღდგომას, რომ უპატრონო ბავშვებს ერთ პასკასა და რამოდენიმე წითელ კვერცხს ვჩუქნით და აუცილებლად მსოფლიოს თუ არა მთელ საქართველოს მაინც გავაგებინებთ აი, რა კარგები ვართო. „კარგი ჰქენი ქვას დადევი“...

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი. „ღია ბოქლომი“ # 10(14)]
[ ... ]

აღვზარდოთ მადლიერების გრძნობა

გაზიარება

წინაპრებს ჩვენთვის ერთი ასეთი ანდაზა შემოუნახავთ: "ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო" ანუ ღმერთს მადლობა მოახსენაო. ადამიანებმა მით უფრო უფალს და მშობლებს, აღმზრდელებს, ყველა იმ პიროვნებას, ვინც ცხოვრების მანძილზე ზრუნავს ჩვენს სულიერებაზე, ჯანმრთელობასა თუ აღზრდა განათლებაზე პატივი უნდა მივაგოთ, დავაფასოთ. ჩვენი გულითადი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, თორემ მოგეხსენებათ, ვერაფერი სანაქებონი გამოვდექით, ვერც უფალს მივაგეთ საკადრისად, ვერც სამშობლოს და ვერც მშობლებს.


ქართველებმა, განსაკუთრებით კი მეგრელებმა შვილების "გაზრდა" 40 წლამდე მაინც ვიცით. რათქმაუნდა ჯერ შვილებზე ვზრუნავთ, მათ აღზრდაზე, განათლებაზე, ჩაცმა დახურვაზე. ვცდილობთ მათ რაც შეიძლება მეტი ქონება დავუტოვოთ. მერე ჩვენს შვილებს კიდევ უფრო პატარა შვილები გავუზარდოთ. მერე კარგად დაისვენოს. ჩვენ აბა რისთვის ვართ. ყველა მისი საქმე ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. არ გადაიღალოს ბავშვი.


ახლა მოგახსენებთ ერთ ოჯახურ ისტორიას; 30 წლის კაცი დაქორწინდა. კარგი პროფესია და თანამდებობა ეჭირა, ზრდილი და განათლებული ადამიანი იყო. ამ კაცის ცოლი მომიყვა ასეთ ამბავს: თბილი დედამთილი მყავდა, მზრუნველი და შვილებს გადამკვდარი. მაგრამ ზედმეტი სიყვარულითა და ზრუნვით ორი შვილი თითქმის დააჩლუნგა, 30 წლის კაცი ბავშვად მიაჩნდა. ხორცსა და ხილს თავისი ხელით ურჩევდა, ვაშლს გაუთლიდა და მერე ოთახებში დასდევდა შეჭამე, შეჭამეო. გოგოს გარეთ არ ახედებდა, ლამაზია და არავინ მომტაცოსო. ყველა საქმეს არიდებდა შვილებს. შეეძლო, არ შეეძლო-ყველაფერზე თვითონ გარბოდა. ამ ადამიანს მიაჩნდა, რომ თუ ყველაფერს შვილების ნაცვლად გააკეთებდა, კარგი დედა იქნებოდა. მისი ცხოვრების დედააზრი იყო შვილები არ დაღლილიყვნენ.


ზოგიერთი კი როგორც მოგახსენეთ, მაშინ გრძნობს თავს მშვიდად, თუ შვილისთვის მეტ ქონებას მოაგროვებს.


ერთი ასეთი შემთხვევა მაგონდება: ერთი ქალბატონი, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, ცდილობდა სიმდიდრე დაეტოვებინა შვილისათვის. ავადსახსენებელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.


ტყვიას წვიმდა _ აფხაზეთიდან ლტოლვილი და ადგილობრივი მოსხლეობა შიმშილითა და სიცივით გათანგული, გაურკვეველი ხვალინდელი დღის მოლოდინით, თითქმის სულიერად იყო გატეხილი. ეს ქალბატონი კი მატერიალურად უზრუნველყოფილი, სულ "მოსთქვამდა": "უნდა მოვახერხო და შვილს კაპიტალი დავუგროვო. მოვხუცდი და ვაითუ ისე მოვკვდე ვერ მოვასწრო-".

ყველაზე დიდი კაპიტალი კი შვილების სწორად აღზრდაა. მე, რომ დღეს მოვკვდე ჩემი შვილი და შვილიშვილი ჩემსხ ხელში შემყურე შიმშილით არ უნდა დაიხოცოს. მთავარი ის კი არ არის ჩემი 40 წლის შვილი კარგად ნასუქი და მოვლილია თუ არა _ ბირჟაზე სალაყბოდ გასული, არამედ ის თუ რა შეუძლია მას. ის კაცები, რომლებიც ოჯახს ვერ ინახავენ, დედის სიკვდილის შემდეგ ცოლებსა და ნათესავებს აწვებიან კისერზე. დეპრესიაში ვარდებიან თავისივე უმოქმედობისა და უუნარობის გამო. ზოგი ლოთდება, ზოგი ნარკომანდება. საუკეთესო შემთხვევაში უბრალო `ბირჟავიკად~, უსაქმურად რჩება ბოლოს ეგუება და მოსწონს კიდეც ბავშვივით რომ ელოლიავებიან. მოთხოვნებზე და პრეტენზიებზე გადადიან. ასეთი მამაკაცები ოჯახის პარაზიტები არიან. მე მათ მამა ფუტკრებს ვამსგავსებ. ცოლები ადრე თუ გვიან ეყრებიან საბოლოოდ კი მარტო რჩებიან ამ ყველაფრის თავიდან არიდება კი ასე შეიძლება აღვზარდოთ შვილებში შრომისმოყვარებად. ადრეული ასაკიდან შევასწავლოთ თვითმომსახურება, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა, მოხუცების შებრალების და დახმარების გაწევის უნარი. ნუ შეგვეცოდება იმის გამო, რომ მისი სასკოლო ჩანთა მძიმეა, რომ მას ბევრი სამეცადინო აქვს და თავისი ფეხსაცმლის გაწმენდა, ჭურჭლის ალაგება, დამუკიდებლად ჩაის მომზადება დავავალოთ _ გვახსოვდეს: ყველა ბავშვი ასაკის მიხედვით, რომ პირველიდან მეორე კლასამდე ინტელექტუალური ცოდნის დონეს იმაღლებს; ასევე ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები ასაკობრივად უნდა რთულდებოდეს. ვიმეორებ, ნუ შეგვეცოდება, შევაჩვიოთ ოჯახურ საქმიანობას, ამოვიყენოთ გვერდით, ჩავახედოთ ჩვენს საქმიანობაში. ვასწავლოთ ბიჭებს კაცური საოჯახო და ამავე დროს ზოგიერთ სხვა საქმიანობასაც: საჭმლის გაცხელება, ერბოკვერცხის, კარტოფილის შეწვა, ჩაის და ყავის მოდუღება, მანქანაში სარეცხის ჩაყრა და გაფენა. ავად რომ გავხდეთ, ჩვენი შვილები არც თვითონ უნდა დაწყდნენ შიმშილით და არც ჩვენ დაგვხოცონ. ეს ყველაფერი მათ სტუდენტობისას და მთელ ცხოვრებაში გამოადგებათ. თუ ახლა შეგვეცოდება ცხოვრებაში უფრო ცოდოები იქნებიან. ისინი ისე იქნებიან გაზარმაცებული და უნარჩახშობილნი რობოტებად ქცეულნი, რომ უფრო ადვილად წავლენ და ითხოვენ მეზობელთან ან ნათესავთან ისეთ რამეს, რაც თვითონაც უნდა შეეძლოთ. დაცინვის ობიექტიც შეიძლება გახდნენ, სწორედ ასე იწყება პიროვნების დეგრადაცია. მადლიერების გრძნობის აღზრდა ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ.


. გოგებაშვილს დედა ენის შედგენისას მადლიერების გრძნობის გამომხატველი ნაწარმოები დასჭირდა და დიდ აკაკის სთხოვა, საბავშვო ლექსი ან მოთხრობა დამიწერეო. აკაკიმაც უცებ მუხლზე დაიწერა ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ვაშლი და შაქარა". პატარა ბიჭმა, რომ "ქარს მადლი უძღვნა გულითა". ბავშვებს მადლობის გადახდა გამარჯობასა და ნახვამდისთან ერთად უნდა ვასწავლოთ. სადილზე, საჩუქრის მიღებისას და ყოველ წვრილმანზეც კი საქმე იმაში კი არ არის, კანფეტს რომ დავაკავებ შვილსა და შვილიშვილს მადლობა გადამიხადოს. რა მოხდა ასეთი, კანფეტია ბრილიანტი კი არა, მაგრამ მასში მადლიერების გრძნობის აღზრდას შევუწყობთ ხელს თუ ასე სისტემატიურად მოვიქცევით ის კარგი ადამიანი გამოვა. რასაც შვილებს და შვილიშვილებს ვუკეთებთ სიკეთედ უნდა მიიღოს და არა აუცილებლობად. მშობლები თავს ვალდებულად ისედაც ვგრძნობთ შვილების წინაშე, მაგრამ ზრდასრულმა შვილებმა ვალდებულებად და ტვირთად არ უნდა გაგვიხადონ თავიანთი პრობლემების მოგვარება. იქნებ უკვე ის დროა, ვინმემ ჩვენზეც იზრუნოს და არა პირიქით: "ეს უკვე დაჩაჩანაკდა და დროა მოხუცთა თავშესაფარში ჩავაბაროთ, უკვე უვარგისიაო"...


არ გვინდა ასე მოგვექცნენ? ჩვენც ნუ მოვექცევით შვილებს ისე, რომ ისინი უსულგულო რობოტებად აღვზარდოთ. ვასწავლოთ სხვაზე ზრუნვა, ნუ გავიმეტებთ, სულიერი მარტოობისა და დაცემისათვის.


მადლობა უფალს!

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი. „ღია ბოქლომი“ # 10 (14) ]

[ ... ]

მეორე უკიდურესობა...(დასასრული)

გაზიარება

<<დასაწყისი
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოზარდის გზიდან გადაცდენის რამოდენიმე მიზეზზე. რა მოსდის მას, როცა ოჯახში მეტად უზრუნველყოფილი და განებივრებული ახალგაზრდა იზრდება. გავეცანით აღზრდის შეცდომებსაც. მოგეცით რამოდენიმე რჩევაც.

ამჟამად გვინდა გაგაცნოთ მეორე უკუდურესობა აღზრდის შეცდომებისა. ოჯახური ფუფუნების ნაცვლად განვიხილოთ, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვების საცხოვრებელი გარემო: საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში დღეისთვის სამუშაო ადგილები ძალზე მცირეა. ოჯახის უფროსთა უმრავლესობა უმუშევარია, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. იმ ავადსახსენებელი, მუდმივი გაჭირვებისა და ომიანობის წლებში ოჯახების რჩენა ქალებმა იტვირთეს.

(გავიხსენოთ დედაბოძი), ის მედგრად შეუდგა ოჯახურ, მაგრამ გაუსაძლის სიმძიმეს თვალი გადავავლოთ ამ რუტინულ ყოველდიურობას: გათენებამდე ქალი მიდის სამუშაოდ ბაზარში. დილიდან დაღამებამდე ქანცის გაწყვეტამდე შრომობს. წარმოვიდგინოთ მთელი წლის განმავლობაში ივლისის თაკარა ზაფხულიდან მოყოლებული იანვრის ქარბუქსა და ყინვაში, ბაზარსა და ქუჩაში გარემოვაჭრე საბრალო ქალები. რა გაძლება ჰქონიათ! მათი უმეტესობა დაავადებულია გულით, რევმატიული დაავადებით, მაღალი არტერიული წნევით, ჩიყვითა და ათასი რამით, რომლის სახელი და წამალი არც ჩვენ და არც მათ არ იციან. ვის სცალია ექიმთან მისასვლელად. თუ ძალიან გაჭირდა და წაქცევის პირას მივიდნენ, ერთმანეთს თვითონ ეხმარებიან. დიაგნოზსაც თვითონ უსვამენ ერთმანეთს და აფთიაქშიც მხოლოდ ერთ ან ორ ტაბლეტს ყიდულობენ კრიზის მოსახსნელად. სად სცალიათ თავიანთი თავისთვის, შვილები ჰყავთ სარჩენი. ნეტავ მარტო შვილები ჰყავდეთ. შინ დედამთილ-მამამთილი და ქმარიც ხომ მშივრები ელოდებიან. ქმარმა სიგარეტი და არაყიც დააბარა. შაბათს თურმე ქორწილშიცაა დაპატიჟებული და მანამადე კეთილი ინებოს მისმა ცოლმა და ახალი ფეხსაცმელი უყიდოს.

ძველი უკვე სამარცხვინოა. სამარცხვინოა? სირცხვილი? რა, სირცხვილის განცდაც აქვთ? უთავმოყვარეო, ცოლის კალთას გამოკერებული, უკუდო ამპარტავანი, ზოგიერთი კაცი, ქალის მოტანილი ლუკმის ჭამას არ თაკილობს, სიგარეტი და არაყი, ეს მამაკაცისთვის თურმე აუცილებელი ატრიბუტია დარდის ჩასახშობად. იმის მაგიერ, რომ ქალებს თუნდაც ისე, უბრალოდ გვერდით დაუდგნენ დახლთან, სხვის დასანახად, რომ საბრალო ქალებს ბაზრის ლოთებმა მაინც არაფერი ჰკადრონ, არარსებულ სირცხვილზე ლაპარაკობენ. თავის მართლებაშიც _ ყოჩაღები არიან! რა ქნან, ერცხვინებათ ბაზარში მუშაობა.

რაც მეტი გააკეთა ოჯახის დედამ, მეტი მოსთხოვეს. ეს "გაკვეთილი" ბავშვებმაც მშვენივრად აითვისეს და როცა მიხვდნენ, რომ დედას თავს ზემოთ ძალა აღარ აქვს, ახლა მათაც, უფროსებივით დაუწყეს ყვედრება. საოცარია, მამას კიარა, დედას. თუ არ შეეძლო რატომ გვაჩენდიო; სხვას რომ აქვს კარგი ტელეფონი მე რა დავაშავე, მე ეს მინდა, მე ის მინდა მინდა, მინდა, მინდა...

დედას რა უნდა ვინ კითხულობს, ვის აწუხებს. იქნებ მალამო სჭირდება დაშაშრული სულის, გულისა თუ სახისთვის, იქნებ მოფერება სჭირდება აღარაფერს დაეძებს, მხოლოდ თბილი სიტყვის, ერთი ჩახუტების ღირსი გახდებოდეს შვილებისაგან, თორემ ქმრისაგან და ნათესავებისაგან ყურადღებას დიდი ხანია გადაეჩვია.

ქალმაც, დიდხანს კი ითმინა, მაგრამ ერთხელაც ერთბაშად ამოიყვირა და აღარ გაჩერდა ცხოვრებამ და მწარე რეალობამ გაამკაცრა და გააუხეშა, ერთ დროს ლამაზი, მშვიდი და სათნო ადამიანი. ახლა მას ადვილად ვეღარავინ დაჩაგრავს, ერთს ათად აზღვევინებს შეურაცხმყოფელს ბაზარსა თუ ოჯახში. მისი ჯანმრთელობა ხომ უკვე შერყეულია და ნერვები გაცვეთილი.

მკითხველო ბიდიშის მოხდით, დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. როცა წერას ვიწყებდი სხვაგვარი სტატიის დაწერას და ანალიზს ვაპირებდი, სხვა ადამიანებივით მეც მტკივა ამ დაუცველი ქალების სატკივარი და აი ანდაზაც მომაგონდა "კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო"...

მომდევნო ნომერში აუცილებლად განვიხილავთ ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების პრობლემებს. მოგაწვდით რეკომენდაციებს და რჩევებს.


[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი "ღია ბოქლომი" # 9 (13) ]


[ ... ]

ფსიქოლოგიური ანალიზი – რატომ სტირის ბავშვი?!

გაზიარება

ყველა დამეთანხმება, რომ პატარა ადამიანი მრავალი მიზეზის გამო ტირის. ტირის იმიტომ, რომ მას რაღაც აწუხებს. პირველი მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაში გამოიხატება, ალბათ რაღაც სტკივა. როცა ამ მიზეზს გამოვრიცხავთ, თავს იჩენს მეორე მიზეზი-იქნებ შია, სწყურია, ან ჭუჭყიანი პამპერსი არ მოსწონს. ზოგჯერ ბავშვი სხვადსხვაგვარი შიშის (ახალი გარემო, უცხო ადამიანი, ჭექა-ქუხილი, სიმარტოვე, უეცარი ხმაური) გამოა ცუდ განწყობაზე. ტირილი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, დისკომფორტის გამოხატვის საშუალებაა, განგაშია. ამიტომ უფროსებმა პიურველ რიგში მიზეზების დადგენა უნდა შესძლონ. როცა მიზეზი ცნობილი ხდება უკვე სიძნელეს აღარ წარმოადგენს მისი ლიკვიდაცია.
ხშირად გაგვიგონია ანდაზა; გამდის და ვტირიო.

აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალურ თვისებათა გათვალისწინება. ზოგი ბავსშვი მშვიდი ბუნებისაა, უმიზეზოდ ტირილი არ სჩვევია; ზოგი პირიქით- ჭირვეულია, ყველაფერზე შეუძლია მიზეზის მოძებნა, მაგალითისათვის:

,,იმიტომ ვტირი, რომ მზე არ ამოდის"ასეც ხდება, რომ პატარა აცნობირებს, თავის ბავშვობას და სპეკულირებს-მიზანმიმართულად ტირის, რაიმე მიზნის მისაღწევად ,,გაიწი, მეშენთვის არ ვტირი". როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში მას სავსებით შეგნებულად სურს ბებოს თავი შეაცოდოს ან მოაბეზროს გაუთავებელი ტირილით, რათა თავისი გაიტანოს, თუ ბავშვმა ერთხელ მაინც დააფიქსირა, რომ მისი ტირილი თავზარს სცემს ვინმეს. იგი ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. ცუდ დღეში ხომ არ ჩავარდნენ, მშობლებმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიონ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი. უნდა განუმარტონ და გასააგებ ენაზე აუხსნან: რომ ესა თუ ის საქციელი მიუღებელია. იმიტომ, რომ მართლა არ შეიძლება, მაგრამ თუ "ცოტათი მაინც შეიძლება" სჯობს კომპრომისზე წავიდნენ. ერთიდაიგივე ქცევა, თუ ხან შეიძლება და ხან არა, მშობლის განწყობის მიხედვით, პატარა ადამიანი ჯერ იბნევა მერე კი ხვდება ,,თუ გუშინ შეიძლებოდა, დღეს რატომ აღარ შეიძლება"?

ვიტირებ, იქნებ დამითმონ! ბავშვი უფროსებზე ადრე ხვდება, როდის გამოიყენოს ცრემლები და ,,სცენები" და როდის არა აქვს ამას აზრი.

და მაინც, თუ ბავშვი ხშირად და უმიზეზოდ ტირის, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს, იგი დაადგენს მიზეზს და მშობლებს სწორ გზაზე დააყებებს...

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი]



[ ... ]

რატომ გაგვიუცხოვდნენ შვილები?!

გაზიარება

რაც უფრო პატარაა ჩვენი შვილი, მით უფრო გვეკვრის, მეტ სითბოსა და ალერსს მოითხოვს. სულ ხელში უნდა; სიარულს დამოუკუდებლად ახერხებს და მაინც ჩვენს კალთას ეპოტინება.

დავიწყოთ თავიდან: ბავშვი სამი თვისაც არაა, როცა მისი ძიძასთან, ბებიასთან თუ მამიდასთან გვიწვევს დატოვება, რომ სამსახური არ დავკარგოთ. 1 წლიდან ბაგაში მიგვყავს ჩვენი როლი კი საღამოს 6-დან 9 საათამდე ოჯახში ტრიალით ამოიწურება. ვახშმისა თუ მომდევნო დღისთვის სადილის მომზადება. რეცხვა, უთოობა, სახლის დალაგება, ათასი სხვა წვრილმან-მსხვილმანი. ბავშვისთვის აღარ გვცალია. ბაგა-ბაღიდან დაბრუნებულ შვილებს ვუსვამთ ძალიან ხშირად კითხვას: "რა ჭამე", იშვიათად "რა ისწავლე". ხშირია შემთხვევები, როცა ბაღის პედაგოგს უფლებას არ ვაძლევთ ჩვენი 2-3 წლის პატარა შუადღისას დააძინოს. მოტივაცია?- შინ მოსულმა, დაქანცულმა პატარამ 7-ზე თუ არა 8 საათზე მაინც უნდა დაიძინოს, რომ ჩვენ დავისვენოთ მისგან. რომ ფეხებში არ გაგვებლანდოს, ოჯახურ საქმიანობასა და დასვენებაში ხელი არ შეგვიშალოს. ახლა შეგახსენებთ ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობ ოჯახურ სცენას: საღამოა, დაღლილი მშობლები შინ დაბრუნდნენ. ისინი მთელი დღე მუშაობდნენ; ბავშვი მათთან ურთიერთობას, საუბარს, მოფერებას ელოდება, გვეკვრის, დედა: - წადი, ითამაშე, აი შეხედე, რამდენი სათამაშო გაქვს?

მამა: - მომშორდი, ხომ ხედავ საინფორმაციო გადაცემას ვუყურებ.
ბებია: -გადი, ჩემო კარგო სამზარეულოდან, ღუმელს არ შეეხო.
ბაბუა: -მაცალე, ბაბუ, გაზეთის წაკითხვა.

ბავშვი სწუხს, ჭირვეულობს, ყურადღების მიპყრობას ცდილობს. რისთვისაც ვტუქსავთ: "ჩუმად, ხელს ნუ გვიშლი, აი, ვაშლი, შეჭამე და გაჩუმდი". ბავშვისთვის არცერთს არ გვცალია. ძალიან დაკავებულნი და მოუცლელები ვართ.

როგორც იქნა დადგა ნანატრი 9 საათი. რამოდენიმე წუთში ბავშვს ვაბანავებთ, ვავახშებთ და ლოგინში "ჩავაგდებთ". კარგი დედის შვილია და არ დაიძინებს. ათასი " ბუა", "გუდიანი", "პატრული" და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი "ცუდი ბიძიაა" დარაზმული პატარას "შესაჭმელად", "წასაყვანად" და ა.შ. რა ჩვენი ბრალია, თუ ასე ძალიან ვიღლებით და ზღაპრების მოყოლის თავი არ გვაქვს, ან "იავნანა" 'არ გვეხერხება. თუ დროზე არ დაიძინა, ერთი-ორს მოვცხებთ დაბლა და რა საშველი ექნება, ტირილში მაინც ჩაიძინებს. რა ნერვისმომშლელი ბავშვია. არ შეიძლება ჭირვეულობის გარეშე დაიძინოს?

ბავშვს ჩვენთან ურთიერთობა, სითბო, მოფერება, თამაში სურს. ჩვენ კი დასვენება გვირჩევნია. ვისვენებთ ვისგან? საკუთარი შვილისაგან.

მოვყვეთ ასაკობრივ თანმიმდევრობას. ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია კერძო სკოლები. ბავშვი დილას ჩვენზე ადრე მიდის და ჩვენზე გვიან ბრუნდება. თანაც ნამეცადინევი. მან მთელი დღე დედ-მამისაგან, ოჯახისგან დამოუკიდებლად გაატარა. სამაგიეროდ ნამეცადინევია; ჩვენ აღარ გვიწვევს მათთან ერთად მეცადინეობა. "10"-ებზე და "8"-ებზე თავის მტვრევა და უცხო სიტყვების დამახსოვრებაზე ტვინის ჭყლეტა.

მოვა ჩვენი შვილი განსწავლული. ეზოში გაინავარდებს, ცოტა ბოლს გაუშვებს. დაჯდება კომპიუტერთან და ეჩატავება მეგობრებს, ან ტელეფონით ემესიჯება. არ ხმაურობს, არის თავისთვის. არაფერს გვეკითხება. მან ეს პერიოდი უკვე განვლო. კარგად იცის, მისთვის არავის სცალია. ჰოდა, კიდევ უკეთესი, თავის გემოზე იცხოვრებს. ახლა თვითონ აღარ შეგვიშვებს თავის სამყაროში. ძილის წინ ვავახშმებთ და ჰაიდა ლოგინში. ასე არ სჯობია? ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით. არც ჩვენ ვაწუხებთ ზედმეტი შეკითხვებით. მთავარია არ იხმაუროს, არ გვანერვიულოს, არაფერი დააშავოს. იყოს ასე თავისთვის ჩუმად. ჩვენ ეს სიჩუმე ძალიანაც მოგვწონს. ძლივს არ დამთავრდა პერიოდი, როცა კალთიდან ვიგლეჯდით და მაინც არ გვშორდებოდა? ჭირვეულობით და შეკითხვებით თავს გვაბეზრებდა? ისევ ვისვენებთ. ვისგან? საკუთარი შვილისაგან, მაგრამ დგება დრო და აღმოვაჩენთ, რომ ზედმეტი სიჩუმე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ყურადღებით შევხედავთ შვილს და აღმოჩენას ვაკეთებთ: რამხელა გაზრდილა, დავაჟკაცებულა დაქალიშვილებულა. გვინდა მოვეფეროთ, მოვეალერსოთ, ის კი თითქმის უკადრისობს ჩვენს მოფერებას. გაგვირბის, სულ ქუჩისკენ უჭირავს თვალი. გვაინტერესებს: ნეტავ რა სჭირს? რა აინტერსებს? რა მოსწონს ? ვინ მოსწონს? რა სტკივა? რა უხარია? ცხოვრების დეტალებს რატომ არ გვიყვება? კითხვების კორიანტელს ვაყრით, ის კი გაოცებულია იმით, რომ მისით დავინტერესდით, გვპასუხობს: "ეს ჩემი ცხოვრებაა, ნუ ერევი!" ჩვენ ეს ყველაფერი გვიკვირს და ხელახლა აღმოვაჩენთ, როგორ გაუხეშდა და გაგვიუცხოვდა საკუთარი შვილი.

მისი "ცხოვრებიდან გამოგდებულნი, საკუთარ თავში ვცდილობთ გარკვევას. "როდის დავუშვით შეცდომა? როდის აღმოვჩნდით 'თამაშგარე მდგომარეობაში?" ის ხომ ჯერ მოსწავლეა. ტყავი გავიძრეთ, რომ არაფერი მოჰკლებოდა, ამდენს ვმუშაობდით, რომ სასწავლო ნივთები. კომპიუტერი მუსიკალური ცენტრი, ტელეფონი, ლამაზი ჩასაცმელ-დასახური ჰქონოდა. როგორ ვზრუნავდით, როგორ გვიყვარდა. ნეტავ თუ ვუყვართ მაინც?

გვიკვირს და ვერ გაგვიგია- ასეთი ნეტავ ვის გამოემგვანა? ალბათ რომელიღაც წინაპარს, რომელსაც არც ვიცნობდით, თორემ ჩვენისთანა კარგ ადამიანებს ასეთი შვილი არ გვეყოლებოდა. ნამდვილად ასე იქნება, თორემ ჩვენ რა, ჩვენ ხომ მისთვის არაფერი დაგვიკლია...

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი]



[ ... ]

თვითაღზრდა და მამა–შვილის ურთიერთ დამოკიდებულება

გაზიარება

ადამიანი შვილისთვის ცოცხლობს. შვილია მისი ცვხოვრების აზრი და მნიშვნელობა. შვილისთვის იდგამს წელებზე ფეხს. დღესა და ღამეს ასწორებს; ქანცისგაწყვეტამდე მისული შრომის ფასად ცდილობს: გამოკვებოს, ჩააცვას უზრუნველყოს. როცა საქმე "უზრუნველყოფას" შეეხება სიტუაცია შვილსა და მშობელს შორის სერიოზულად იცვლება. სიტყვა მიგვანიშნებს, რომ მშობელმა მიაღწია შვილის უზრუნველად ცხოვრების საფეხურს. ბავშვი ბარომეტრივით გრძნობს, რომ მას ყველაფრის მოთხოვნის უფლებააქვს თავიდან ბავშვი მშობელს თხოვს რაიმეს, თანდათან უფრო კატეგორიულად. ბოლოს კი მოთხოვნაზე გადადის. ეს ხდება "გარდამავალ" ასაკში. მოზარდი ხვდება, რომ ფუფუნება ადვილად გამოარჩევს მას თანატოლებისაგან. განსაკუთრებული ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ჩაცმის განსხვავებული სტილი და ვარცხნილობა, III თაობის მობილური ტელეფონი. მოზარდი თავის განსაკუთრებულობის აფიშირებას თანატოლებთან ახდენს. მალე ბეზრდება კლასელებთან ურთიერთობა და ახლა სკოლის მასშტაბით ცდილობს "გავლენის მოპოვებას". ქუჩის ბიჭებს ასეთი "მაძღარი ლუკმა" არ გამოეპარებათ. ქებას ასხამენ და აქეზებენ. ხან სიგარეტზე იპატიჟებენ თავს, ხან ლუდსა და არაყზე. ბოლოს ნარკოტიკსაც გაასინჯებენ. ასე ხომ უფრო დამყოლი და ადვილად სამართავი იქნება.

მშობელს შვილის ცხოვრების დეტალების გასაკონტროლებლად არ სცალია. ძალიან დაკავებულია, ბიზნესი ბიზნესია; ოდნავ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. მთავარია შვილისთვის საუკეთესო მასწავლებლები დაიქირავა. ბავშვი რომ არ დაიღალოს, პედაგოგები შინ დაუდით. თითქმის ყველა საგანში რეპეტიტორები ამზადებენ. პირმშო განსაკუთრებულად უნდა აღზარდონ, ის არაჩვეულებრივი უნდა გამოვიდეს მოსწავლის "აღზრდა" აქ იწყება და აქვე მთავრდება. მშობელი არ ინტერესდება - ვისთან ამხანაგობს, რითი ერთობა, რა სტკივა, რა მოსწონს ან არ მოსწონს მის შვილს. მთავარია ზღაპრულად აცხოვროს, არაფერი არ მოაკლოს. ტყავს გაიძრობს და ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს. მშობელს, რომ თავის ბავშვობაში ასე კარგი საცხოვრებელი პირობები ჰქონოდა, ახლა მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. დიდი სურვილი აქვს, რაც მას დააკლდა შვილს ერთი ასად აუნაზღაუროს, რომ ის მაინც იყოს ბედნიერი. გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენს, რომ არათუ ბედნიერი, მისი შვილი თითქოს უბედურიც კია. სულ რაღაც აწუხებს. სულ შეწუხებული და წარბშეკრულია. ვიღაცაზე გაბრაზებული და გაბუტული. მშობელი მიზეზის გამოკვლევისათვის დიდად არ იწუხებს თავს. ხვდება: "ბავშვს ისევ რაღაც აკლია" ოღონდაც სთქვას, რა სურს, როდის უთქვამს უარი. მაგრამ, რომ არ ამბობს? "რა გიყოდო", "რა მოგწონს", პასუხად მრისხანე მზერას იმსახურებს. შვილის სახე უსიტყვოდ ამბობს: 'თვითონ არ უნდა მიხვდე რაც მსურს?" იწყება თავის მტვრევა: "რა უნდა ნეტავ, რა აკლია, რითი მოიგოს შვილის გული. რა უყიდოს. ბოლოს გადაწყვეტს, რომ ახალი მოდელის მუსიკალური ცენტრი ზედმეტი არ იქნებოდა."

შვილი აგდებულად, ირონიული ღიმილით გადის ოთახიდან. "მთლად დაბერდა ეს კაცი, სულ გამოშტერდა!".

მშობელი ისევ სწუხს და ემუდარება, რითი შეიძლება მისი გახარება. პასუხის მიღებისას გაოგნებულია. ახალთახალი "ჯიპი" აი, რითი შეიძლება მისი გულის მოგება. მამა თავზარდაცემულია. სად იშოვოს ამხელა ფული. მალე გონს მოდის და ჰპირდება: უყიდის, აუცილებლად უყიდის, ოღონდ ცოტა, სულ ცოტახანი დააცადოს. ხარჯებს შეამცირებს ცოტას, შვილიც თუ დაზოგავს კარგი იქნება. 'არა, შვილი არაფერს დაზოგავს, პირიქით ისედაც აპირებდა ფულის თხოვნას, კაპიკებს აძლევენ, რას ეყოფა; დიდი ხანია პირეველკლასელი აღარაა. გოგონებთან უნდა გაერთოს სამორინეში, რესტორანში და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ხარჯი აქვს, "თუ შვილის რჩენა არ შეუძლიათ, ნეტავ რატომღა აჩენენ", მშობლებმა იმედები არ გაუმართლეს. თქმა რად უნდა, თვითონ არ უნდა მიხვდნენ, რომ უკვე ერთი წელია მანქანა გამოსაცვლელია?. ეგღა აკლია ძმაკაცებში შერცხვეს. მას ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა. ასე იყო და მუდამ ასე უნდა იყოს.
ახალგაზრდა ზღვარს გადადის "მინდა"-სა და "საჭიროს" შორის წონასწორობას ჰკარგავს, მას ყოველთვის რაღაც უნდა. სულ არ აინტერესებს რა არის საჭირო. კეთილი ინებონ და ყველა სურვილი შეუსრულონ.

მშობელი ხვდება, რომ შვილის აღზრდაში რაღაც შეეშალა, ნეტავ როდის დაუშვა შეცდომა, რა დააკლო, ყველა სურვილს უსრულებდა. თავს არ იზოგავდა, თვითონ იკლებდა, კაპიკს კაპიკზე ადებდა, მეგობრებისა და ნათესავებისთვის ვერ იმეტებდა, რომ მისი ნებიერა კმაყოფილი და ბედნიერი ენახა. ვერა და ვერ ეღირსა ვერ დააკმაყოფილა.&საიდან ასეთი სიხარბე, სიზარმაცე, უსულგულობა, მფლანგველობა.

შვილი მოთხოვნიდან ბრძანებებზე გადადის, მუქარასაც არ ერიდება. კეთილი ინებონ და საიდანაც უნდა მოიტანონ თორემ... აქ კი სიტუაცია უკონტროლო ხდება. იწყება ჩხუბი, ვაი უი, თავში ცემა, გაჩენის დღის წყევლა, გულის ხეთქვა, ინფარქტი,&სიკვდილი. რჩება შვილი უზრდელი, უმაქნისი, უუნარო, უმოქმედო, წელმოწყვეტილი, მალე სახლ-კარს გაჰყიდის და გაანიავებს მერე ბანკებს მიადგება. ციხეში ამოჰყოფს თავს. "რა ბედი ჰქონია. თუ შვილის რჩენა არ შეეძლოთ რად აჩენდნენ"

რჩევა: შვილს მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ. ხშირად მამები შვილების აღზრდაში დედას ადანაშაულებენ, 'აი, შენი გაზრდილი შვილი" (აბა, თვითონ ხომ არ მოიჭრიან კუდს). სკოლაში მშობელთა კრებებზე დედები დადიან. ქალების საქმედ ითვლება აგრეთვე შვილების აღზრაც, თვალყურის დევნება. მამაკაცები ხშირად თავს არიდებენ ამ "უმნიშვნელო" საქმეს. შედეგი კი სახეზეა. გარდამავალ ასაკში დედები შვილების აღზრდას ვეღარ უმკლავდებიან. მამებისაგან შველას ითხოვენ ისინი კი ან ყურად არ იღებენ მათ თხოვნას, ან როზგით იწყებენ და როზგითვე ამთავრებენ ამ მოსაბეზრებელ საქმიანობას.

მამებო! მუხლმოდრეკით გევედრებით აქტიური მონაწილეობა მიიღეთ შვილების აღზრდა-განათლების საქმეში. ვიცი, რომ დიდად სახალისო არ არეის ზრდასრული მამაკაცისთვის პატარებთან თამაში, წიგნების კითხვა, ზღაპრების მოყოლა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს უფრო დიდი კაპიტალია, თქვენი სიბერისთვის. რაც უფრო ახლო და კარგი ურთიერთობა გექნებათ შვილთან, რაც უფრო მეტად გაგიხარდებათ მისი წარმატება და გეტკინებათ მისი ტკივილი, მით უფრო მეტ სითბოსა და სიხარულს დაიმსახურებთ მისგან. ასწავლეთ თანაგრძნობა, სამუშაოზეც წაიყვანეთ. მცირე დავალებები მიეცით, თუ საჭიროა დატუქსეთ კიდეც.

გახსოვდეთ! ნამდვილი მამაკაცები მხოლოდ მამების მაგალითზე იზრდებიან. იყავით გულისხმიერნი, ისე, რომ სიბერეში იგივე გრძნობით გიპასუხონ, რომ თქვენი სიცოცხლე გამართლებული გამოდგეს. ასე თქვენი შვილი თავის შვილებსაც კარგად აღზრდის. სამშობლოსაც გამოადგება და მოყვასსაც.


[მარინე კვიკვინია, ფსიქოლოგი]



[ ... ]

სილამაზის საიდუმლო...

გაზიარება

მე, ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის 50 წლის ქალი ვარ. არც ბავშვობაში მშობლებსა და ახლობლებს უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ. როცა ჩვიდმეტი წლისამ შეკითხვა დავუსვი დედას ამ საკითხზე, მიპასუხა: შენზე უარესებს ნამდვილად ჯობიხარო. მოგეხსენებათ, ვერაფერი დასამშვიდებელი პასუხია...

არც სტუდენტობისას და ზრდასრულობისას მიფიქრია, რომ ლამაზი ვარ. მეტიც, როცა კომპლიმენტს მეუბნებოდნენ უხერხულობისაგან ვწითლდებოდი. მაგრამ რაც დრო გადიოდა კომპლიმენტები ხშირად მესმოდა, როგორც ქალებისაგან, ასევე მამაკაცებისაგან. თავიდან ეს მოვლენა‘ ზრდილობიანი ადამიანების კულტურულ ჟესტად ჩავთვალე, მაგრამ რომ აღარ მეშვებოდნენ, დავრწმუნდი, რომ მახინჯი მართლა არა ვარ. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი: რომ ჯიბე არასოდეს მაძლევდა საშუალებას, სალონებში ხშირად მევლო, განსაკუთრებულად მომევლო სახის კანისა თუ აღნაგობისათვის, არც ვარჯიშებისათვის მეცალა. დილას და საღამოს რუსული წარმოების მკვებავ მალამოს ვიცხებ სახეზე. ვცდილობ თმა მქონდეს წესრიგში. ახლა კი შემიძლია შეცდომაში შეგიყვანოთ და გითხრათ, რომ სულ ეს არის ჩემი სილამაზის საიდუმლო. "

თქვენც და მეც ბევრი ქალი გვინახავს, რომ საკუთარ თავს, ნიავს არ აკარებს, რუდუნებით ზრუნავს სილამაზეზე. ძვირფასი ფრანგული წარმოების კოსმეტიკის აქტიური მომხმარებელია. მუდამ დიეტაზეა, საათობით და წუთობით აქვს განსაზღვრული როდის რა მალამო და ნიღაბი გაიკეთოს და ა.შ, არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მართალია შედეგი სახეზეა, მაგრამ მათ მთელი დრო საკუთარი თავისთვის აქვთ მიძღვნილი. აქ განზე რჩება, ოჯახი; შვილები... თუმცა ეს ჩემი განსჯის საკითხი არ გახლავთ. ჩემი ყურადღება იმ ქალებს ეპყრობა, რომლებიც მართლა მოვლილები და ლამაზები არიან, მაგრამ მათგან ზვიადი სიცივე უფრო მოდის, ვიდრე სილამაზე. მინახავს ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგონებიც, რომლებიც მართლა ლამაზები არიან, მაგრამ თითქოს რაღაც აკლიათ. ეს ალბათ ის შარმია, მომხიბლავობა, კდემამოსილება, კეთილშობილება, კაცთმოყვარეობა, სულგრძელობა, რომ ანიჭებს ადამიანს. მახსოვს ჩვენებური ახალგაზრდა ყმაწვილი მოსკოვიდან ჩამოვიდა, შავგრემანი ლამაზი გოგო მინდა მოვძებნო და ცოლად შევირთო, მთავარია ქართველი იყოსო. ეს ყმაწვილი ზუგდიდის უნივერსიტეტის თანამშრომლის ახლობელი იყო. დატრიალდნენ ლექტორები. აჩვენეს ყველაზე ლამაზი გოგონები: მან კი ისეთი მზეთუნახავები დაიწუნა, გაოცებული დავრჩით. როცა მიზეზი ვკითხეთ გვიპასუხა: "მათ ხომ არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვთო". მივხვდით, მას გარეგნობასთან ერთად ქალის შინაგანი სამყარო აინტერესებდა.

ახლა მოწიფულ ქალბატონებზე მოგახსენებთ. რაც არ უნდა კარგად ვუვლიდეთ თავს, სახის კანს, სხვისი გამდიდრებით შეწუხებულნი, თუ სულ იმის ფიქრში ვართ, რატომ იმათ და არა ჩვენ გვარგუნა ღმერთმა დიდი სიმდიდრე, კარგი ავტომანქანა, დამჯერი და ჭკვიანი შვილები, თუ სულ იმას ვდარდობთ, რომ ახალგაზრდობა წავიდა და ნაოჭები გვემატება, სულ თუ იმას მივსტირით, რომ კარგი ახალგაზრდობა გვქონდა და ახლა შეიძლება სიბერე სიღარიბეში და მარტოობაში მოგვიწიოს ცხოვრება, მართლა მივაღწევთ შედეგს, მაგრამ აუცილებლად საპირისპიროს.

გავხდეთ ლამაზები, ოღონდ, როგორც გარედან ასევე შინაგანად. გავიხაროთ სხვისი სიკეთით, სხვისი სიბეჯითით, სხვისი სიმდიდრით. მეტი ვიფიქროთ ჩვენს ინტელექტზე, და იმაზე "დღეს ჩვენ ვის რა ვარგოთ". აი, მაშინ მართლა ლამაზები ვიქნებით მუდამ. შური ვერ დაგვანაოჭებს და დარდი სხვისი სიკეთის გამო აღარ დაგვაჭკნობს. გვინდა ვიყოთ ლამაზები? მაშ ვიყოთ ლამაზები!.

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი]
[ ... ]