ფსიქოლოგის გვერდი
ავტორი: მარინა კვიკვინია

თვითაღზრდა და მამა–შვილის ურთიერთ დამოკიდებულება

გაზიარება

ადამიანი შვილისთვის ცოცხლობს. შვილია მისი ცვხოვრების აზრი და მნიშვნელობა. შვილისთვის იდგამს წელებზე ფეხს. დღესა და ღამეს ასწორებს; ქანცისგაწყვეტამდე მისული შრომის ფასად ცდილობს: გამოკვებოს, ჩააცვას უზრუნველყოს. როცა საქმე "უზრუნველყოფას" შეეხება სიტუაცია შვილსა და მშობელს შორის სერიოზულად იცვლება. სიტყვა მიგვანიშნებს, რომ მშობელმა მიაღწია შვილის უზრუნველად ცხოვრების საფეხურს. ბავშვი ბარომეტრივით გრძნობს, რომ მას ყველაფრის მოთხოვნის უფლებააქვს თავიდან ბავშვი მშობელს თხოვს რაიმეს, თანდათან უფრო კატეგორიულად. ბოლოს კი მოთხოვნაზე გადადის. ეს ხდება "გარდამავალ" ასაკში. მოზარდი ხვდება, რომ ფუფუნება ადვილად გამოარჩევს მას თანატოლებისაგან. განსაკუთრებული ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ჩაცმის განსხვავებული სტილი და ვარცხნილობა, III თაობის მობილური ტელეფონი. მოზარდი თავის განსაკუთრებულობის აფიშირებას თანატოლებთან ახდენს. მალე ბეზრდება კლასელებთან ურთიერთობა და ახლა სკოლის მასშტაბით ცდილობს "გავლენის მოპოვებას". ქუჩის ბიჭებს ასეთი "მაძღარი ლუკმა" არ გამოეპარებათ. ქებას ასხამენ და აქეზებენ. ხან სიგარეტზე იპატიჟებენ თავს, ხან ლუდსა და არაყზე. ბოლოს ნარკოტიკსაც გაასინჯებენ. ასე ხომ უფრო დამყოლი და ადვილად სამართავი იქნება.

მშობელს შვილის ცხოვრების დეტალების გასაკონტროლებლად არ სცალია. ძალიან დაკავებულია, ბიზნესი ბიზნესია; ოდნავ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. მთავარია შვილისთვის საუკეთესო მასწავლებლები დაიქირავა. ბავშვი რომ არ დაიღალოს, პედაგოგები შინ დაუდით. თითქმის ყველა საგანში რეპეტიტორები ამზადებენ. პირმშო განსაკუთრებულად უნდა აღზარდონ, ის არაჩვეულებრივი უნდა გამოვიდეს მოსწავლის "აღზრდა" აქ იწყება და აქვე მთავრდება. მშობელი არ ინტერესდება - ვისთან ამხანაგობს, რითი ერთობა, რა სტკივა, რა მოსწონს ან არ მოსწონს მის შვილს. მთავარია ზღაპრულად აცხოვროს, არაფერი არ მოაკლოს. ტყავს გაიძრობს და ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს. მშობელს, რომ თავის ბავშვობაში ასე კარგი საცხოვრებელი პირობები ჰქონოდა, ახლა მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. დიდი სურვილი აქვს, რაც მას დააკლდა შვილს ერთი ასად აუნაზღაუროს, რომ ის მაინც იყოს ბედნიერი. გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენს, რომ არათუ ბედნიერი, მისი შვილი თითქოს უბედურიც კია. სულ რაღაც აწუხებს. სულ შეწუხებული და წარბშეკრულია. ვიღაცაზე გაბრაზებული და გაბუტული. მშობელი მიზეზის გამოკვლევისათვის დიდად არ იწუხებს თავს. ხვდება: "ბავშვს ისევ რაღაც აკლია" ოღონდაც სთქვას, რა სურს, როდის უთქვამს უარი. მაგრამ, რომ არ ამბობს? "რა გიყოდო", "რა მოგწონს", პასუხად მრისხანე მზერას იმსახურებს. შვილის სახე უსიტყვოდ ამბობს: 'თვითონ არ უნდა მიხვდე რაც მსურს?" იწყება თავის მტვრევა: "რა უნდა ნეტავ, რა აკლია, რითი მოიგოს შვილის გული. რა უყიდოს. ბოლოს გადაწყვეტს, რომ ახალი მოდელის მუსიკალური ცენტრი ზედმეტი არ იქნებოდა."

შვილი აგდებულად, ირონიული ღიმილით გადის ოთახიდან. "მთლად დაბერდა ეს კაცი, სულ გამოშტერდა!".

მშობელი ისევ სწუხს და ემუდარება, რითი შეიძლება მისი გახარება. პასუხის მიღებისას გაოგნებულია. ახალთახალი "ჯიპი" აი, რითი შეიძლება მისი გულის მოგება. მამა თავზარდაცემულია. სად იშოვოს ამხელა ფული. მალე გონს მოდის და ჰპირდება: უყიდის, აუცილებლად უყიდის, ოღონდ ცოტა, სულ ცოტახანი დააცადოს. ხარჯებს შეამცირებს ცოტას, შვილიც თუ დაზოგავს კარგი იქნება. 'არა, შვილი არაფერს დაზოგავს, პირიქით ისედაც აპირებდა ფულის თხოვნას, კაპიკებს აძლევენ, რას ეყოფა; დიდი ხანია პირეველკლასელი აღარაა. გოგონებთან უნდა გაერთოს სამორინეში, რესტორანში და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ხარჯი აქვს, "თუ შვილის რჩენა არ შეუძლიათ, ნეტავ რატომღა აჩენენ", მშობლებმა იმედები არ გაუმართლეს. თქმა რად უნდა, თვითონ არ უნდა მიხვდნენ, რომ უკვე ერთი წელია მანქანა გამოსაცვლელია?. ეგღა აკლია ძმაკაცებში შერცხვეს. მას ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა. ასე იყო და მუდამ ასე უნდა იყოს.
ახალგაზრდა ზღვარს გადადის "მინდა"-სა და "საჭიროს" შორის წონასწორობას ჰკარგავს, მას ყოველთვის რაღაც უნდა. სულ არ აინტერესებს რა არის საჭირო. კეთილი ინებონ და ყველა სურვილი შეუსრულონ.

მშობელი ხვდება, რომ შვილის აღზრდაში რაღაც შეეშალა, ნეტავ როდის დაუშვა შეცდომა, რა დააკლო, ყველა სურვილს უსრულებდა. თავს არ იზოგავდა, თვითონ იკლებდა, კაპიკს კაპიკზე ადებდა, მეგობრებისა და ნათესავებისთვის ვერ იმეტებდა, რომ მისი ნებიერა კმაყოფილი და ბედნიერი ენახა. ვერა და ვერ ეღირსა ვერ დააკმაყოფილა.&საიდან ასეთი სიხარბე, სიზარმაცე, უსულგულობა, მფლანგველობა.

შვილი მოთხოვნიდან ბრძანებებზე გადადის, მუქარასაც არ ერიდება. კეთილი ინებონ და საიდანაც უნდა მოიტანონ თორემ... აქ კი სიტუაცია უკონტროლო ხდება. იწყება ჩხუბი, ვაი უი, თავში ცემა, გაჩენის დღის წყევლა, გულის ხეთქვა, ინფარქტი,&სიკვდილი. რჩება შვილი უზრდელი, უმაქნისი, უუნარო, უმოქმედო, წელმოწყვეტილი, მალე სახლ-კარს გაჰყიდის და გაანიავებს მერე ბანკებს მიადგება. ციხეში ამოჰყოფს თავს. "რა ბედი ჰქონია. თუ შვილის რჩენა არ შეეძლოთ რად აჩენდნენ"

რჩევა: შვილს მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ. ხშირად მამები შვილების აღზრდაში დედას ადანაშაულებენ, 'აი, შენი გაზრდილი შვილი" (აბა, თვითონ ხომ არ მოიჭრიან კუდს). სკოლაში მშობელთა კრებებზე დედები დადიან. ქალების საქმედ ითვლება აგრეთვე შვილების აღზრაც, თვალყურის დევნება. მამაკაცები ხშირად თავს არიდებენ ამ "უმნიშვნელო" საქმეს. შედეგი კი სახეზეა. გარდამავალ ასაკში დედები შვილების აღზრდას ვეღარ უმკლავდებიან. მამებისაგან შველას ითხოვენ ისინი კი ან ყურად არ იღებენ მათ თხოვნას, ან როზგით იწყებენ და როზგითვე ამთავრებენ ამ მოსაბეზრებელ საქმიანობას.

მამებო! მუხლმოდრეკით გევედრებით აქტიური მონაწილეობა მიიღეთ შვილების აღზრდა-განათლების საქმეში. ვიცი, რომ დიდად სახალისო არ არეის ზრდასრული მამაკაცისთვის პატარებთან თამაში, წიგნების კითხვა, ზღაპრების მოყოლა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს უფრო დიდი კაპიტალია, თქვენი სიბერისთვის. რაც უფრო ახლო და კარგი ურთიერთობა გექნებათ შვილთან, რაც უფრო მეტად გაგიხარდებათ მისი წარმატება და გეტკინებათ მისი ტკივილი, მით უფრო მეტ სითბოსა და სიხარულს დაიმსახურებთ მისგან. ასწავლეთ თანაგრძნობა, სამუშაოზეც წაიყვანეთ. მცირე დავალებები მიეცით, თუ საჭიროა დატუქსეთ კიდეც.

გახსოვდეთ! ნამდვილი მამაკაცები მხოლოდ მამების მაგალითზე იზრდებიან. იყავით გულისხმიერნი, ისე, რომ სიბერეში იგივე გრძნობით გიპასუხონ, რომ თქვენი სიცოცხლე გამართლებული გამოდგეს. ასე თქვენი შვილი თავის შვილებსაც კარგად აღზრდის. სამშობლოსაც გამოადგება და მოყვასსაც.


[მარინე კვიკვინია, ფსიქოლოგი]