ფსიქოლოგის გვერდი
ავტორი: მარინა კვიკვინია

რატომ გაგვიუცხოვდნენ შვილები?!

გაზიარება

რაც უფრო პატარაა ჩვენი შვილი, მით უფრო გვეკვრის, მეტ სითბოსა და ალერსს მოითხოვს. სულ ხელში უნდა; სიარულს დამოუკუდებლად ახერხებს და მაინც ჩვენს კალთას ეპოტინება.

დავიწყოთ თავიდან: ბავშვი სამი თვისაც არაა, როცა მისი ძიძასთან, ბებიასთან თუ მამიდასთან გვიწვევს დატოვება, რომ სამსახური არ დავკარგოთ. 1 წლიდან ბაგაში მიგვყავს ჩვენი როლი კი საღამოს 6-დან 9 საათამდე ოჯახში ტრიალით ამოიწურება. ვახშმისა თუ მომდევნო დღისთვის სადილის მომზადება. რეცხვა, უთოობა, სახლის დალაგება, ათასი სხვა წვრილმან-მსხვილმანი. ბავშვისთვის აღარ გვცალია. ბაგა-ბაღიდან დაბრუნებულ შვილებს ვუსვამთ ძალიან ხშირად კითხვას: "რა ჭამე", იშვიათად "რა ისწავლე". ხშირია შემთხვევები, როცა ბაღის პედაგოგს უფლებას არ ვაძლევთ ჩვენი 2-3 წლის პატარა შუადღისას დააძინოს. მოტივაცია?- შინ მოსულმა, დაქანცულმა პატარამ 7-ზე თუ არა 8 საათზე მაინც უნდა დაიძინოს, რომ ჩვენ დავისვენოთ მისგან. რომ ფეხებში არ გაგვებლანდოს, ოჯახურ საქმიანობასა და დასვენებაში ხელი არ შეგვიშალოს. ახლა შეგახსენებთ ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობ ოჯახურ სცენას: საღამოა, დაღლილი მშობლები შინ დაბრუნდნენ. ისინი მთელი დღე მუშაობდნენ; ბავშვი მათთან ურთიერთობას, საუბარს, მოფერებას ელოდება, გვეკვრის, დედა: - წადი, ითამაშე, აი შეხედე, რამდენი სათამაშო გაქვს?

მამა: - მომშორდი, ხომ ხედავ საინფორმაციო გადაცემას ვუყურებ.
ბებია: -გადი, ჩემო კარგო სამზარეულოდან, ღუმელს არ შეეხო.
ბაბუა: -მაცალე, ბაბუ, გაზეთის წაკითხვა.

ბავშვი სწუხს, ჭირვეულობს, ყურადღების მიპყრობას ცდილობს. რისთვისაც ვტუქსავთ: "ჩუმად, ხელს ნუ გვიშლი, აი, ვაშლი, შეჭამე და გაჩუმდი". ბავშვისთვის არცერთს არ გვცალია. ძალიან დაკავებულნი და მოუცლელები ვართ.

როგორც იქნა დადგა ნანატრი 9 საათი. რამოდენიმე წუთში ბავშვს ვაბანავებთ, ვავახშებთ და ლოგინში "ჩავაგდებთ". კარგი დედის შვილია და არ დაიძინებს. ათასი " ბუა", "გუდიანი", "პატრული" და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი "ცუდი ბიძიაა" დარაზმული პატარას "შესაჭმელად", "წასაყვანად" და ა.შ. რა ჩვენი ბრალია, თუ ასე ძალიან ვიღლებით და ზღაპრების მოყოლის თავი არ გვაქვს, ან "იავნანა" 'არ გვეხერხება. თუ დროზე არ დაიძინა, ერთი-ორს მოვცხებთ დაბლა და რა საშველი ექნება, ტირილში მაინც ჩაიძინებს. რა ნერვისმომშლელი ბავშვია. არ შეიძლება ჭირვეულობის გარეშე დაიძინოს?

ბავშვს ჩვენთან ურთიერთობა, სითბო, მოფერება, თამაში სურს. ჩვენ კი დასვენება გვირჩევნია. ვისვენებთ ვისგან? საკუთარი შვილისაგან.

მოვყვეთ ასაკობრივ თანმიმდევრობას. ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია კერძო სკოლები. ბავშვი დილას ჩვენზე ადრე მიდის და ჩვენზე გვიან ბრუნდება. თანაც ნამეცადინევი. მან მთელი დღე დედ-მამისაგან, ოჯახისგან დამოუკიდებლად გაატარა. სამაგიეროდ ნამეცადინევია; ჩვენ აღარ გვიწვევს მათთან ერთად მეცადინეობა. "10"-ებზე და "8"-ებზე თავის მტვრევა და უცხო სიტყვების დამახსოვრებაზე ტვინის ჭყლეტა.

მოვა ჩვენი შვილი განსწავლული. ეზოში გაინავარდებს, ცოტა ბოლს გაუშვებს. დაჯდება კომპიუტერთან და ეჩატავება მეგობრებს, ან ტელეფონით ემესიჯება. არ ხმაურობს, არის თავისთვის. არაფერს გვეკითხება. მან ეს პერიოდი უკვე განვლო. კარგად იცის, მისთვის არავის სცალია. ჰოდა, კიდევ უკეთესი, თავის გემოზე იცხოვრებს. ახლა თვითონ აღარ შეგვიშვებს თავის სამყაროში. ძილის წინ ვავახშმებთ და ჰაიდა ლოგინში. ასე არ სჯობია? ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით. არც ჩვენ ვაწუხებთ ზედმეტი შეკითხვებით. მთავარია არ იხმაუროს, არ გვანერვიულოს, არაფერი დააშავოს. იყოს ასე თავისთვის ჩუმად. ჩვენ ეს სიჩუმე ძალიანაც მოგვწონს. ძლივს არ დამთავრდა პერიოდი, როცა კალთიდან ვიგლეჯდით და მაინც არ გვშორდებოდა? ჭირვეულობით და შეკითხვებით თავს გვაბეზრებდა? ისევ ვისვენებთ. ვისგან? საკუთარი შვილისაგან, მაგრამ დგება დრო და აღმოვაჩენთ, რომ ზედმეტი სიჩუმე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ყურადღებით შევხედავთ შვილს და აღმოჩენას ვაკეთებთ: რამხელა გაზრდილა, დავაჟკაცებულა დაქალიშვილებულა. გვინდა მოვეფეროთ, მოვეალერსოთ, ის კი თითქმის უკადრისობს ჩვენს მოფერებას. გაგვირბის, სულ ქუჩისკენ უჭირავს თვალი. გვაინტერესებს: ნეტავ რა სჭირს? რა აინტერსებს? რა მოსწონს ? ვინ მოსწონს? რა სტკივა? რა უხარია? ცხოვრების დეტალებს რატომ არ გვიყვება? კითხვების კორიანტელს ვაყრით, ის კი გაოცებულია იმით, რომ მისით დავინტერესდით, გვპასუხობს: "ეს ჩემი ცხოვრებაა, ნუ ერევი!" ჩვენ ეს ყველაფერი გვიკვირს და ხელახლა აღმოვაჩენთ, როგორ გაუხეშდა და გაგვიუცხოვდა საკუთარი შვილი.

მისი "ცხოვრებიდან გამოგდებულნი, საკუთარ თავში ვცდილობთ გარკვევას. "როდის დავუშვით შეცდომა? როდის აღმოვჩნდით 'თამაშგარე მდგომარეობაში?" ის ხომ ჯერ მოსწავლეა. ტყავი გავიძრეთ, რომ არაფერი მოჰკლებოდა, ამდენს ვმუშაობდით, რომ სასწავლო ნივთები. კომპიუტერი მუსიკალური ცენტრი, ტელეფონი, ლამაზი ჩასაცმელ-დასახური ჰქონოდა. როგორ ვზრუნავდით, როგორ გვიყვარდა. ნეტავ თუ ვუყვართ მაინც?

გვიკვირს და ვერ გაგვიგია- ასეთი ნეტავ ვის გამოემგვანა? ალბათ რომელიღაც წინაპარს, რომელსაც არც ვიცნობდით, თორემ ჩვენისთანა კარგ ადამიანებს ასეთი შვილი არ გვეყოლებოდა. ნამდვილად ასე იქნება, თორემ ჩვენ რა, ჩვენ ხომ მისთვის არაფერი დაგვიკლია...

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი]