ფსიქოლოგის გვერდი
ავტორი: მარინა კვიკვინია

სილამაზის საიდუმლო...

გაზიარება

მე, ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის 50 წლის ქალი ვარ. არც ბავშვობაში მშობლებსა და ახლობლებს უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ. როცა ჩვიდმეტი წლისამ შეკითხვა დავუსვი დედას ამ საკითხზე, მიპასუხა: შენზე უარესებს ნამდვილად ჯობიხარო. მოგეხსენებათ, ვერაფერი დასამშვიდებელი პასუხია...

არც სტუდენტობისას და ზრდასრულობისას მიფიქრია, რომ ლამაზი ვარ. მეტიც, როცა კომპლიმენტს მეუბნებოდნენ უხერხულობისაგან ვწითლდებოდი. მაგრამ რაც დრო გადიოდა კომპლიმენტები ხშირად მესმოდა, როგორც ქალებისაგან, ასევე მამაკაცებისაგან. თავიდან ეს მოვლენა‘ ზრდილობიანი ადამიანების კულტურულ ჟესტად ჩავთვალე, მაგრამ რომ აღარ მეშვებოდნენ, დავრწმუნდი, რომ მახინჯი მართლა არა ვარ. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი: რომ ჯიბე არასოდეს მაძლევდა საშუალებას, სალონებში ხშირად მევლო, განსაკუთრებულად მომევლო სახის კანისა თუ აღნაგობისათვის, არც ვარჯიშებისათვის მეცალა. დილას და საღამოს რუსული წარმოების მკვებავ მალამოს ვიცხებ სახეზე. ვცდილობ თმა მქონდეს წესრიგში. ახლა კი შემიძლია შეცდომაში შეგიყვანოთ და გითხრათ, რომ სულ ეს არის ჩემი სილამაზის საიდუმლო. "

თქვენც და მეც ბევრი ქალი გვინახავს, რომ საკუთარ თავს, ნიავს არ აკარებს, რუდუნებით ზრუნავს სილამაზეზე. ძვირფასი ფრანგული წარმოების კოსმეტიკის აქტიური მომხმარებელია. მუდამ დიეტაზეა, საათობით და წუთობით აქვს განსაზღვრული როდის რა მალამო და ნიღაბი გაიკეთოს და ა.შ, არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მართალია შედეგი სახეზეა, მაგრამ მათ მთელი დრო საკუთარი თავისთვის აქვთ მიძღვნილი. აქ განზე რჩება, ოჯახი; შვილები... თუმცა ეს ჩემი განსჯის საკითხი არ გახლავთ. ჩემი ყურადღება იმ ქალებს ეპყრობა, რომლებიც მართლა მოვლილები და ლამაზები არიან, მაგრამ მათგან ზვიადი სიცივე უფრო მოდის, ვიდრე სილამაზე. მინახავს ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგონებიც, რომლებიც მართლა ლამაზები არიან, მაგრამ თითქოს რაღაც აკლიათ. ეს ალბათ ის შარმია, მომხიბლავობა, კდემამოსილება, კეთილშობილება, კაცთმოყვარეობა, სულგრძელობა, რომ ანიჭებს ადამიანს. მახსოვს ჩვენებური ახალგაზრდა ყმაწვილი მოსკოვიდან ჩამოვიდა, შავგრემანი ლამაზი გოგო მინდა მოვძებნო და ცოლად შევირთო, მთავარია ქართველი იყოსო. ეს ყმაწვილი ზუგდიდის უნივერსიტეტის თანამშრომლის ახლობელი იყო. დატრიალდნენ ლექტორები. აჩვენეს ყველაზე ლამაზი გოგონები: მან კი ისეთი მზეთუნახავები დაიწუნა, გაოცებული დავრჩით. როცა მიზეზი ვკითხეთ გვიპასუხა: "მათ ხომ არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვთო". მივხვდით, მას გარეგნობასთან ერთად ქალის შინაგანი სამყარო აინტერესებდა.

ახლა მოწიფულ ქალბატონებზე მოგახსენებთ. რაც არ უნდა კარგად ვუვლიდეთ თავს, სახის კანს, სხვისი გამდიდრებით შეწუხებულნი, თუ სულ იმის ფიქრში ვართ, რატომ იმათ და არა ჩვენ გვარგუნა ღმერთმა დიდი სიმდიდრე, კარგი ავტომანქანა, დამჯერი და ჭკვიანი შვილები, თუ სულ იმას ვდარდობთ, რომ ახალგაზრდობა წავიდა და ნაოჭები გვემატება, სულ თუ იმას მივსტირით, რომ კარგი ახალგაზრდობა გვქონდა და ახლა შეიძლება სიბერე სიღარიბეში და მარტოობაში მოგვიწიოს ცხოვრება, მართლა მივაღწევთ შედეგს, მაგრამ აუცილებლად საპირისპიროს.

გავხდეთ ლამაზები, ოღონდ, როგორც გარედან ასევე შინაგანად. გავიხაროთ სხვისი სიკეთით, სხვისი სიბეჯითით, სხვისი სიმდიდრით. მეტი ვიფიქროთ ჩვენს ინტელექტზე, და იმაზე "დღეს ჩვენ ვის რა ვარგოთ". აი, მაშინ მართლა ლამაზები ვიქნებით მუდამ. შური ვერ დაგვანაოჭებს და დარდი სხვისი სიკეთის გამო აღარ დაგვაჭკნობს. გვინდა ვიყოთ ლამაზები? მაშ ვიყოთ ლამაზები!.

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი]