ფსიქოლოგის გვერდი
ავტორი: მარინა კვიკვინია

მეორე უკიდურესობა...(დასასრული)

გაზიარება

<<დასაწყისი
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოზარდის გზიდან გადაცდენის რამოდენიმე მიზეზზე. რა მოსდის მას, როცა ოჯახში მეტად უზრუნველყოფილი და განებივრებული ახალგაზრდა იზრდება. გავეცანით აღზრდის შეცდომებსაც. მოგეცით რამოდენიმე რჩევაც.

ამჟამად გვინდა გაგაცნოთ მეორე უკუდურესობა აღზრდის შეცდომებისა. ოჯახური ფუფუნების ნაცვლად განვიხილოთ, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვების საცხოვრებელი გარემო: საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში დღეისთვის სამუშაო ადგილები ძალზე მცირეა. ოჯახის უფროსთა უმრავლესობა უმუშევარია, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. იმ ავადსახსენებელი, მუდმივი გაჭირვებისა და ომიანობის წლებში ოჯახების რჩენა ქალებმა იტვირთეს.

(გავიხსენოთ დედაბოძი), ის მედგრად შეუდგა ოჯახურ, მაგრამ გაუსაძლის სიმძიმეს თვალი გადავავლოთ ამ რუტინულ ყოველდიურობას: გათენებამდე ქალი მიდის სამუშაოდ ბაზარში. დილიდან დაღამებამდე ქანცის გაწყვეტამდე შრომობს. წარმოვიდგინოთ მთელი წლის განმავლობაში ივლისის თაკარა ზაფხულიდან მოყოლებული იანვრის ქარბუქსა და ყინვაში, ბაზარსა და ქუჩაში გარემოვაჭრე საბრალო ქალები. რა გაძლება ჰქონიათ! მათი უმეტესობა დაავადებულია გულით, რევმატიული დაავადებით, მაღალი არტერიული წნევით, ჩიყვითა და ათასი რამით, რომლის სახელი და წამალი არც ჩვენ და არც მათ არ იციან. ვის სცალია ექიმთან მისასვლელად. თუ ძალიან გაჭირდა და წაქცევის პირას მივიდნენ, ერთმანეთს თვითონ ეხმარებიან. დიაგნოზსაც თვითონ უსვამენ ერთმანეთს და აფთიაქშიც მხოლოდ ერთ ან ორ ტაბლეტს ყიდულობენ კრიზის მოსახსნელად. სად სცალიათ თავიანთი თავისთვის, შვილები ჰყავთ სარჩენი. ნეტავ მარტო შვილები ჰყავდეთ. შინ დედამთილ-მამამთილი და ქმარიც ხომ მშივრები ელოდებიან. ქმარმა სიგარეტი და არაყიც დააბარა. შაბათს თურმე ქორწილშიცაა დაპატიჟებული და მანამადე კეთილი ინებოს მისმა ცოლმა და ახალი ფეხსაცმელი უყიდოს.

ძველი უკვე სამარცხვინოა. სამარცხვინოა? სირცხვილი? რა, სირცხვილის განცდაც აქვთ? უთავმოყვარეო, ცოლის კალთას გამოკერებული, უკუდო ამპარტავანი, ზოგიერთი კაცი, ქალის მოტანილი ლუკმის ჭამას არ თაკილობს, სიგარეტი და არაყი, ეს მამაკაცისთვის თურმე აუცილებელი ატრიბუტია დარდის ჩასახშობად. იმის მაგიერ, რომ ქალებს თუნდაც ისე, უბრალოდ გვერდით დაუდგნენ დახლთან, სხვის დასანახად, რომ საბრალო ქალებს ბაზრის ლოთებმა მაინც არაფერი ჰკადრონ, არარსებულ სირცხვილზე ლაპარაკობენ. თავის მართლებაშიც _ ყოჩაღები არიან! რა ქნან, ერცხვინებათ ბაზარში მუშაობა.

რაც მეტი გააკეთა ოჯახის დედამ, მეტი მოსთხოვეს. ეს "გაკვეთილი" ბავშვებმაც მშვენივრად აითვისეს და როცა მიხვდნენ, რომ დედას თავს ზემოთ ძალა აღარ აქვს, ახლა მათაც, უფროსებივით დაუწყეს ყვედრება. საოცარია, მამას კიარა, დედას. თუ არ შეეძლო რატომ გვაჩენდიო; სხვას რომ აქვს კარგი ტელეფონი მე რა დავაშავე, მე ეს მინდა, მე ის მინდა მინდა, მინდა, მინდა...

დედას რა უნდა ვინ კითხულობს, ვის აწუხებს. იქნებ მალამო სჭირდება დაშაშრული სულის, გულისა თუ სახისთვის, იქნებ მოფერება სჭირდება აღარაფერს დაეძებს, მხოლოდ თბილი სიტყვის, ერთი ჩახუტების ღირსი გახდებოდეს შვილებისაგან, თორემ ქმრისაგან და ნათესავებისაგან ყურადღებას დიდი ხანია გადაეჩვია.

ქალმაც, დიდხანს კი ითმინა, მაგრამ ერთხელაც ერთბაშად ამოიყვირა და აღარ გაჩერდა ცხოვრებამ და მწარე რეალობამ გაამკაცრა და გააუხეშა, ერთ დროს ლამაზი, მშვიდი და სათნო ადამიანი. ახლა მას ადვილად ვეღარავინ დაჩაგრავს, ერთს ათად აზღვევინებს შეურაცხმყოფელს ბაზარსა თუ ოჯახში. მისი ჯანმრთელობა ხომ უკვე შერყეულია და ნერვები გაცვეთილი.

მკითხველო ბიდიშის მოხდით, დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. როცა წერას ვიწყებდი სხვაგვარი სტატიის დაწერას და ანალიზს ვაპირებდი, სხვა ადამიანებივით მეც მტკივა ამ დაუცველი ქალების სატკივარი და აი ანდაზაც მომაგონდა "კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო"...

მომდევნო ნომერში აუცილებლად განვიხილავთ ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების პრობლემებს. მოგაწვდით რეკომენდაციებს და რჩევებს.


[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი "ღია ბოქლომი" # 9 (13) ]