ფსიქოლოგის გვერდი
ავტორი: მარინა კვიკვინია

აღვზარდოთ მადლიერების გრძნობა

გაზიარება

წინაპრებს ჩვენთვის ერთი ასეთი ანდაზა შემოუნახავთ: "ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო" ანუ ღმერთს მადლობა მოახსენაო. ადამიანებმა მით უფრო უფალს და მშობლებს, აღმზრდელებს, ყველა იმ პიროვნებას, ვინც ცხოვრების მანძილზე ზრუნავს ჩვენს სულიერებაზე, ჯანმრთელობასა თუ აღზრდა განათლებაზე პატივი უნდა მივაგოთ, დავაფასოთ. ჩვენი გულითადი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, თორემ მოგეხსენებათ, ვერაფერი სანაქებონი გამოვდექით, ვერც უფალს მივაგეთ საკადრისად, ვერც სამშობლოს და ვერც მშობლებს.


ქართველებმა, განსაკუთრებით კი მეგრელებმა შვილების "გაზრდა" 40 წლამდე მაინც ვიცით. რათქმაუნდა ჯერ შვილებზე ვზრუნავთ, მათ აღზრდაზე, განათლებაზე, ჩაცმა დახურვაზე. ვცდილობთ მათ რაც შეიძლება მეტი ქონება დავუტოვოთ. მერე ჩვენს შვილებს კიდევ უფრო პატარა შვილები გავუზარდოთ. მერე კარგად დაისვენოს. ჩვენ აბა რისთვის ვართ. ყველა მისი საქმე ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. არ გადაიღალოს ბავშვი.


ახლა მოგახსენებთ ერთ ოჯახურ ისტორიას; 30 წლის კაცი დაქორწინდა. კარგი პროფესია და თანამდებობა ეჭირა, ზრდილი და განათლებული ადამიანი იყო. ამ კაცის ცოლი მომიყვა ასეთ ამბავს: თბილი დედამთილი მყავდა, მზრუნველი და შვილებს გადამკვდარი. მაგრამ ზედმეტი სიყვარულითა და ზრუნვით ორი შვილი თითქმის დააჩლუნგა, 30 წლის კაცი ბავშვად მიაჩნდა. ხორცსა და ხილს თავისი ხელით ურჩევდა, ვაშლს გაუთლიდა და მერე ოთახებში დასდევდა შეჭამე, შეჭამეო. გოგოს გარეთ არ ახედებდა, ლამაზია და არავინ მომტაცოსო. ყველა საქმეს არიდებდა შვილებს. შეეძლო, არ შეეძლო-ყველაფერზე თვითონ გარბოდა. ამ ადამიანს მიაჩნდა, რომ თუ ყველაფერს შვილების ნაცვლად გააკეთებდა, კარგი დედა იქნებოდა. მისი ცხოვრების დედააზრი იყო შვილები არ დაღლილიყვნენ.


ზოგიერთი კი როგორც მოგახსენეთ, მაშინ გრძნობს თავს მშვიდად, თუ შვილისთვის მეტ ქონებას მოაგროვებს.


ერთი ასეთი შემთხვევა მაგონდება: ერთი ქალბატონი, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, ცდილობდა სიმდიდრე დაეტოვებინა შვილისათვის. ავადსახსენებელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.


ტყვიას წვიმდა _ აფხაზეთიდან ლტოლვილი და ადგილობრივი მოსხლეობა შიმშილითა და სიცივით გათანგული, გაურკვეველი ხვალინდელი დღის მოლოდინით, თითქმის სულიერად იყო გატეხილი. ეს ქალბატონი კი მატერიალურად უზრუნველყოფილი, სულ "მოსთქვამდა": "უნდა მოვახერხო და შვილს კაპიტალი დავუგროვო. მოვხუცდი და ვაითუ ისე მოვკვდე ვერ მოვასწრო-".

ყველაზე დიდი კაპიტალი კი შვილების სწორად აღზრდაა. მე, რომ დღეს მოვკვდე ჩემი შვილი და შვილიშვილი ჩემსხ ხელში შემყურე შიმშილით არ უნდა დაიხოცოს. მთავარი ის კი არ არის ჩემი 40 წლის შვილი კარგად ნასუქი და მოვლილია თუ არა _ ბირჟაზე სალაყბოდ გასული, არამედ ის თუ რა შეუძლია მას. ის კაცები, რომლებიც ოჯახს ვერ ინახავენ, დედის სიკვდილის შემდეგ ცოლებსა და ნათესავებს აწვებიან კისერზე. დეპრესიაში ვარდებიან თავისივე უმოქმედობისა და უუნარობის გამო. ზოგი ლოთდება, ზოგი ნარკომანდება. საუკეთესო შემთხვევაში უბრალო `ბირჟავიკად~, უსაქმურად რჩება ბოლოს ეგუება და მოსწონს კიდეც ბავშვივით რომ ელოლიავებიან. მოთხოვნებზე და პრეტენზიებზე გადადიან. ასეთი მამაკაცები ოჯახის პარაზიტები არიან. მე მათ მამა ფუტკრებს ვამსგავსებ. ცოლები ადრე თუ გვიან ეყრებიან საბოლოოდ კი მარტო რჩებიან ამ ყველაფრის თავიდან არიდება კი ასე შეიძლება აღვზარდოთ შვილებში შრომისმოყვარებად. ადრეული ასაკიდან შევასწავლოთ თვითმომსახურება, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა, მოხუცების შებრალების და დახმარების გაწევის უნარი. ნუ შეგვეცოდება იმის გამო, რომ მისი სასკოლო ჩანთა მძიმეა, რომ მას ბევრი სამეცადინო აქვს და თავისი ფეხსაცმლის გაწმენდა, ჭურჭლის ალაგება, დამუკიდებლად ჩაის მომზადება დავავალოთ _ გვახსოვდეს: ყველა ბავშვი ასაკის მიხედვით, რომ პირველიდან მეორე კლასამდე ინტელექტუალური ცოდნის დონეს იმაღლებს; ასევე ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები ასაკობრივად უნდა რთულდებოდეს. ვიმეორებ, ნუ შეგვეცოდება, შევაჩვიოთ ოჯახურ საქმიანობას, ამოვიყენოთ გვერდით, ჩავახედოთ ჩვენს საქმიანობაში. ვასწავლოთ ბიჭებს კაცური საოჯახო და ამავე დროს ზოგიერთ სხვა საქმიანობასაც: საჭმლის გაცხელება, ერბოკვერცხის, კარტოფილის შეწვა, ჩაის და ყავის მოდუღება, მანქანაში სარეცხის ჩაყრა და გაფენა. ავად რომ გავხდეთ, ჩვენი შვილები არც თვითონ უნდა დაწყდნენ შიმშილით და არც ჩვენ დაგვხოცონ. ეს ყველაფერი მათ სტუდენტობისას და მთელ ცხოვრებაში გამოადგებათ. თუ ახლა შეგვეცოდება ცხოვრებაში უფრო ცოდოები იქნებიან. ისინი ისე იქნებიან გაზარმაცებული და უნარჩახშობილნი რობოტებად ქცეულნი, რომ უფრო ადვილად წავლენ და ითხოვენ მეზობელთან ან ნათესავთან ისეთ რამეს, რაც თვითონაც უნდა შეეძლოთ. დაცინვის ობიექტიც შეიძლება გახდნენ, სწორედ ასე იწყება პიროვნების დეგრადაცია. მადლიერების გრძნობის აღზრდა ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ.


. გოგებაშვილს დედა ენის შედგენისას მადლიერების გრძნობის გამომხატველი ნაწარმოები დასჭირდა და დიდ აკაკის სთხოვა, საბავშვო ლექსი ან მოთხრობა დამიწერეო. აკაკიმაც უცებ მუხლზე დაიწერა ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ვაშლი და შაქარა". პატარა ბიჭმა, რომ "ქარს მადლი უძღვნა გულითა". ბავშვებს მადლობის გადახდა გამარჯობასა და ნახვამდისთან ერთად უნდა ვასწავლოთ. სადილზე, საჩუქრის მიღებისას და ყოველ წვრილმანზეც კი საქმე იმაში კი არ არის, კანფეტს რომ დავაკავებ შვილსა და შვილიშვილს მადლობა გადამიხადოს. რა მოხდა ასეთი, კანფეტია ბრილიანტი კი არა, მაგრამ მასში მადლიერების გრძნობის აღზრდას შევუწყობთ ხელს თუ ასე სისტემატიურად მოვიქცევით ის კარგი ადამიანი გამოვა. რასაც შვილებს და შვილიშვილებს ვუკეთებთ სიკეთედ უნდა მიიღოს და არა აუცილებლობად. მშობლები თავს ვალდებულად ისედაც ვგრძნობთ შვილების წინაშე, მაგრამ ზრდასრულმა შვილებმა ვალდებულებად და ტვირთად არ უნდა გაგვიხადონ თავიანთი პრობლემების მოგვარება. იქნებ უკვე ის დროა, ვინმემ ჩვენზეც იზრუნოს და არა პირიქით: "ეს უკვე დაჩაჩანაკდა და დროა მოხუცთა თავშესაფარში ჩავაბაროთ, უკვე უვარგისიაო"...


არ გვინდა ასე მოგვექცნენ? ჩვენც ნუ მოვექცევით შვილებს ისე, რომ ისინი უსულგულო რობოტებად აღვზარდოთ. ვასწავლოთ სხვაზე ზრუნვა, ნუ გავიმეტებთ, სულიერი მარტოობისა და დაცემისათვის.


მადლობა უფალს!

[მარინა კვიკვინია, ფსიქოლოგი. „ღია ბოქლომი“ # 10 (14) ]